English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ერეკლე პირველითეონა შუღლიაშვილი
საქართველოში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმა: თეორიული და აღწერილობითი ანალიზი

ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა ორი ჭრილით განიხილება: ა) რამდენად კარგი ხარისხისაა რეგულაციური ჩარჩო და ბ) რამდენად კარგად ხდება აღნიშნული რეგულაციური ჩარჩოს რეალობაში აღსრულება.  ხარისხიანი რეგულაციის ქონას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ კი მისი რეალობამდე მიტანაც ასევე ხარისხიანად არის უზრუნველყოფილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე მათგანი - რეგულაციის ხარისხიც და მისი აღსრულების დონეც - აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა რეფორმის წარმატებულად მიჩნევისათვის. მხოლოდ მათ ერთობლიობას შეუძლია რეფორმა წარმატებულად აქციოს.

 საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 8 ივნისს ამოქმედებული „საქართველოს კანონში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“,   გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის მიერ 2007 და 2015 წლებში გაჟღერებული რეკომენდაციები, თანაც კანონის მიმდინარე ვერსია მის ყველა წინამორბედ ვერსიაზე უკეთესია.

რაც შეეხება კანონის აღსრულების ხარისხის შეფასებას მას დრო და შესაბამისი მონაცემები სჭირდება. ვეყრდნობით რა ევროპულ გამოცდილებას და ვიღებთ რა ფინანსურ თუ ადმინისტრაციულ დახმარებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან (CFRR World Bank, EBRD, G4G UK, USAID), შედარებით მარტივია ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი რეგულაციური ბაზა. თუმცა, ადეკვატურად  და დროულად მივყვეთ ამოქმედებულ კანონებს, შედარებით მეტ გამოწვევას გულისხმობს.

ბუღალტერიისა და აუდიტის დარგში მიმდინარე ცვლილებები თავისი მასშტაბურობით უპრეცენდენტოა ქვეყნის ისტორიაში: 2018 წლის 1 ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება მოეთხოვა პირველი და მეორე კატეგორიისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირების დაახლოებით 600-700 იურიდიულ ერთეულს, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საჯაროობის საზღვრის გადაკვეთა მოუწევს მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს - დაახლოებით 83000 იურიდიულ ერთეულს.

 წინამდებარე სტატია პირველია, რომლის ფარგლებშიც ამოღებულ იქნა იმ საწარმოთა აღწერილობითი ინფორმაცია, რომლებმაც საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები 2018 წელს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტერიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინეს და გაასაჯაროვეს. ინფორმაცია ამოღებულ იქნა 2019 წლის 15 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით. ინფორმაციის ავტომატურად ამოსაღებად გამოყენებულ იქნა პროგრამები: “Link Klipper” და “Scrapestorm”. დაკვირვების ობიექტმა შეადგინა 586 საწარმო.

საწარმოთა 20% სდპ-ა, 14% - I კატეგორიის საწარმო და 54% - II კატეგორიის საწარმო. საწარმოთა 12% III და IV კატეგორიას წარმოადგენს - მათ 2018 წელს საერთოდ არ ევალებოდათ ინფორმაციის წარდგენა. სავარაუდოდ, ეს მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები ან კრედიტორებთან კომუნიკაციაზე აკეთებენ აქცენტს ან მათთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან გადასახადების გადახდის კუთხით გამართული კომუნიკაცია. ასევე, არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ საწარმოებმა აქტივების უფრო ზუსტად (შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან შედარებით) დათვლის შედეგად თავი II კატეგორიას მიაკუთვნეს და თავი ვალდებულად მიიჩნიეს წარედგინათ ანგარიშგებები. თუკი, ამ საწარმოებს ისედაც მზად ჰქონდათ ფინანსური ანგარიშგებები, ნებაყოფლობით მათი გასაჯაროებით, მომდევნო წლისთვის არამარტო პრაქტიკა გაიარეს, არამედ შესაძლოა კრედიტორების (დაინტერესებული მხარეების) თვალში უფრო სანდოებად / გადახდისუნარიანებად წარმოჩინდნენ.

427 საწარმო შპს-ა, 143 - სააქციო საზოგადოება, 16 - ან უცხოური საწარმოს ფილიალი ან კოოპერატივი. ოპერირების სფეროს მიხედვით (კლასიფიცირება მოხდა SIC კლასიფიკაციის მიხედვით), როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე გავრცელებულია მომსახურებისა და საჯარო ადმინისტრირების სფერო; შემდეგ - ვაჭრობა/გადაყიდვა; შემდეგ კი - საფინანსო სექტორი. მოლოდინების შესაბამისად, მცირეა წარმოების სფეროში მოქმედი საწარმოების რაოდენობა (70). მხოლოდ 9 საწარმოა სასოფლო-სამეურნეო სექტორიდან.

წლების მანძილზე ვადევნებდით რა თვალს ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგს,  მხოლოდ 2006 წელს საქართველომ 75 პოზიციით წაინაცვლა წინ წინა წელთან შედარებით. 2005-2010 წლებში კი მსოფლიო ბანკმა საქართველო ლიდერ რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა ამ კუთხით. რეიტინგში ლიდერული პოზიციები შენარჩუნებულ და გაუმჯობესებულ იქნა ბოლო წლებშიც. რეიტინგების საპირისპიროდ, ნაკლებად თუ გვინახავს რეალური მონაცემები თუ რა დროს რამდენი ახალი საწარმო რეგისტრირდებოდა. როგორც ვხედავთ, საშუალოდ 19 და 20 ერთეული რეგისტრირდებოდა 1995-2003 და 2013-2017 წლებში, ხოლო 39 ერთეული - 2004-2012 წლებში.

დაბოლოს, ანგარიშგებების 95%-ზე მეტი აუდიტირებულია. საინტერესოა, რომ არა-აუდიტირებული ანგარიშგებების მნიშვნელოვანი წილი მოდის სდპ-ებზე, რომელთაც ევალებოდათ აუდიტირებული ანგარიშგებების წარდგენა. ასევე, III და IV კატეგორიის საწარმოების მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი რეპორტების სრული უმრავლესობა (69-დან 67) აუდირებულია. აღნიშნული დადებით სიგნალს გვაწვდის ნებაყოფლობით გადადგმული ნაბიჯების კუთხით, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 67 საწარმო მიზერული რიცხვია III და IV კატეგორიის საწარმოების მთლიანი კონტინგენტის (დაახლოებით 83000 ერთეული) კვალობაზე. აუდიტირებული ანგარიშგებების 44% აუდირებულია დიდი ექვსეული აუდიტორი ფირმების (Deloitte & Touche, KPMG, PWC Georgia, RSM Georgia, E&Y Georgia და BDO) მიერ. ხოლო დანარჩენი - პატარა მოთამაშეების მიერ. ანგარიშგებათა ყველაზე დიდი წილი (91 ანგარიშგება) აუდირებულია BDO-ს მიერ.

კანონის თანახმად, ზედამხედველობის სამსახური თავად იტოვებს 1-თვიან ვადას, რათა წარდგენილ დოკუმენტაციას გაეცნოს და შემდეგ გაასაჯაროვოს. შესაბამისად,

ძნელია მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად დროულად წარადგინეს საწარმოებმა ფინანსური ანგარიშგებები. დაკვირვებამ აჩვენა, რომ საწარმოების ფინანსური ინფორმაცია ნაბიჯ-ნაბიჯ ემატებოდა 1 ოქტომბრამდეც, მას შემდეგაც და არ შეწყვეტილა დღემდე - 2019 წლის მარტის მდგომარეობით. ამის შესაბამისად ზედამხვედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ დაახლოებით 40 საწარმოს გასაჯაროებას კვლავ ელოდებიან.  თუმცა გასაჯაროების ასეთ პროცესს არ შეიძლება ეწოდოს ზედმიწევნით დროული. საწარმოთა ნაწილმა მხოლოდ გაფრთხილებისა და ფულადი სანქციის (ერთმაგი ან ორმაგი) დაკისრების შემდეგ წარადგინაფინანსური ანგარიშგებები. კანონის თანახმად, ფინანსური ანგარიშგების წარმოუდგენლობა იწვევს IV, III, II, I კატეგორიის საწარმოებისა და სდპ-ებისთვის შესაბამისად - 500, 1000, 5000, 10000 და 10000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო 1 თვის ვადაში შეცდომის გამოუსწორებლობა, ამავე ოდენობით სანქციის გაორმაგებას.

ასევე ძნელია მსჯელობა კომპანიების  ზუსტ რაოდენობაზე, რომელთაც ევალებოდა 2018 წლის 1 ოქტომბერს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. საწარმოთა კლასიფიცირების მიზნით, ზედამხედველობის სამსახური იყენებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას აქტივების მოცულობასთან მიმართებაში. შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია გააჩნია საწარმოთა მხოლოდ იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც ქონების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება. აღნიშნული სრულად არ ასახავს საწარმოთა მთლიანი აქტივების სიდიდეს. შესაბამისად, ხდება იმ საწარმოთა მიახლოებითი (და არა ზუსტი) ოდენობის განსაზღვრა, რომლებსაც უწევდათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა უკვე 2018 წლის 1 ოქტომბერს.

როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ვალდებულ საწარმოთა 90%-ზე მეტმა გაასაჯაროვა საკუთარი ფინანსური ინფორმაცია. აღნიშნული, კანონის აღსრულების საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, განსაკუთრებით კანონის ამოქმედების პირველი წლისთვის. საწარმოთა იმ მცირე ნაწილს, რომელიც კანონს არ დაემორჩილა, სავარაუდოა, რომ ან მიზნობრივად არ სურდა საკუთარი ფინანსური დეტალების სახალხოდ გამომზეურება, ან მათ უკვე ორჯერ მოუწიათ ფულადი ჯარიმის (სანქციის) გადახდა და იმდენად რამდენადაც, სიტუაცია მეტად ვეღარ დაუმძიმდებოდათ, მათთვის აზრი აღარ ჰქონდა ფინანსური ინფორმაციის მომზადებას, აუდიტის ხარჯების გაღებას და ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებას. სავარაუდოა, რომ იმ საწარმოებს, რომლებმაც ფინანსური ინფორმაცია მიზნობრივად არ გაასაჯაროვეს, ან არ სურდათ საკუთარი კონკურენტული სტრატეგიის საჯაროდ გამოტანა, ან მათი ფინანსური ანგარიშგებები შეიცავდა არა-სიმართლის ამსახველ (მიზნობრივად მანიპულირებულ ან კვალიფიკაციის დეფიციტის გამო შეუსაბამოდ მომზადებულ) ინფორმაციას.

აღნიშნულიდან  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კანონი არაზედმიწევნით დროულად, თუმცა დადებითად მიმდინარეობს აღსრულების კუთხითაც. მთავარი კითხვა არის ის, თუ რა წერია გასაჯაროებულ ფინანსურ ანგარიშგებებში, რამდენად მაღალია მასში მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის ხარისხი, რათა მომხმარებელს ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. მაკროეკონომიკურ დონეზე კი, საინტერესოა, თუ რას მოუტანს მიმდინარე რეფორმა საქართველოს ეკონომიკას. წაადგება კი ის ქვეყანას მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია, განავითაროს კაპიტალის ბაზრები, შეამციროს უმუშევრობა და გაზარდოს მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მეტი დრო, მონაცემთა ბაზები და სიღრმისეული ანალიზია საჭირო.